X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ბათუმის №4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

7 სექტემბერი 2026

ბათუმის №4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.

დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნენ.

1100 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა - მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, განახლდა საკლასო ოთახები, მოეწყო სპორტული მოედანი და სკოლის ეზო.

ასევე, მოწესრიგდა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.

რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების სამუშაოებიც, მათ შორის, სახურავისა და გარე კედლების დათბუნება, რაც ხელს შეუწყობს ენერგომოხმარების შემცირებასა და შენობაში სითბოს შენარჩუნებას.

სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და უზრუნველყოფს უსაფრთხო, თანამედროვე და ინკლუზიურ სასწავლო გარემოს.